კოლეჯის ისტორია
ავტორიზებული სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულება სსიპ კოლეჯი ,,იბერია’’ ჩამოყალიბდა 2006 წელს ქუთაისის კერვისა და მოდელირების ლიცეუმის რეორგანიზაციის საფუძველზე, ხოლო 2007 წლიდან ფილიალის სტატუსით კოლეჯს დაექვემდებარა ბაღდათის პროფესიული სასწავლებელი.
კოლეჯი ამზადებს სპეციალისტებს ბიზნესისა და ადმინისტრირების, ინჟინერიის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების, წარმოებისა და გადამუშავების, პერსონალური მომსახურებების, სოფლის მეურნეობის მიმართულებებზე სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით. 2022 წლის იანვრის მდგომარეობით კოლეჯი ახორციელებს 17 პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას (მათ შორის ,,სასტუმრო მომსახურების“ ინტეგრირებულ პროგრამას და ,,მეხილეობა-მეჩაიეობას“ – დუალური მიდგომით).
კოლეჯი საკვალიფიკაციო პროგრამებთან ერთად ახორციელებს სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო პროგრამებს, თავისუფლების აღკვეთის ადგილებში განთავსებულ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა, ასევე პირობით მსჯავრდებულთა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ მსჯავრდებულთა, სკოლის მოსწავლეებში პროფესიული უნარების განვითარების პროგრამებს. სწავლების პროცესს ახორციელებს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პროფესიული განათლების 56 მასწავლებელი.
პროფესიული კოლეჯის ადმინისტრაცია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების დახმარებით სისტემატიურად ზრუნავს სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სწავლების მოწინავე მეთოდების დანერგვასა და ახალი პროფესიების ათვისებაზე.
დღეისათვის მმართველი რგოლის წარმომადგენლებისა და თითქმის ყველა პედაგოგს (მასწავლებელთა 98%-ს.) გავლილი აქვთ საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროსა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შემოთავაზებული სხვადასხვა სახის ტრენინგი. მათ შორის ინოვაციური და ინკლუზიური სწავლების, ინფორმაციულ ტექნოლოგიების, კოლეჯის მართვის, ახალი პროფესიული სტანდარტების შესაბამის პროგრამებისა და მოდულების შემუშავების საკითხებში.
გარდა ძირითადი მისამართისა (ქ. ქუთაისი, ზურაბ ანჯაფარიძის ქ. N61) კოლეჯი პროფესიულ პროგრამებს ახორციელებს სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის შენობასა (ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. N15) და ბაღდათის ფილიალში (მის: ქ. ბაღდათი, შოთა რუსთაველის ქ. N112).
სულ კოლეჯი თავის საქმიანობისთვის იყენებს 6 შენობას, 2006 წლიდან განხორციელდა კოლეჯის ყველა შენობა-ნაგებობისა და მატერიალური ბაზის სრული რეაბილიტაცია. კოლეჯში განთავსებულია 17 სასწავლო ლაბორატორია, რომლებიც აღჭურვილია მაღალი დონის დაზგა-დანადგარებით და კომპიუტერული ტექნიკით.
2018 წელს დასრულდა 70 სტუდენტის ცხოვრებაზე გათვლილი კოლეჯის სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ამასთანავე აშენდა სრულიად ახალი 4 სართულიანი შენობა. ყველა შენობა ადაპტირებულია შშმ პირების სწავლებისთვის საჭირო პირობების გათვალისწინებით.
საგანმანათლებლო პროგრამებისა და სხვადასხვა სასწავლო აქტივობების განხორციელებაში
ჩართული არიან საერთაშორისო ორგანიზაციები.
2011 წლიდან კოლეჯის პროფესიული განათლების მასწავლებლები და სტუდენტები მონაწილეობენ ესტონეთისა და პოლონეთის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განხორციელებულ სტაჟირების პროგრამებში.